ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ქათამაძის თქმით, 5 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„შიმშილობა ოფიციალურად შევწყვიტეთ. საზოგადოებამაც ნახა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე. მმართველ გუნდს არ აინტერესებს ადამიანის უფლებები. თავს დამესხნენ, ფიზიკურად გამისწორდნენ, მაგრამ ამაზე ფაქტობრივად რეაგირება არ მომხდარა. შიმშილობა შევწყვიტეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი შეწყვეტილია. საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროტესტს გაარძელებენ. თუმცა რა ფორმით, ეს ჯერჯერობით უცნობია და მალევე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.
ოზურგეთის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს.
საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა და აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.