ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღუჯუმელიძემ “ნაციონალებთან” ერთად დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაში ბრალი გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნესტორ რამიშვილს დასდო. ინფორმაციას ამის შესახებ “გურიის მოამბე” ავრცელებს.
ღურჯუმელიძის განცხადებით, რამიშვილი მიზანმიმართულად მონაწილეობდა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან წინასწარ გამიზნულ პროვოკაციაში.
“საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული პიროვნება, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ პროვოკაციებში გამიზნულად მონაწილეობდა. ჩვენ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, რა ფორმითაც არ უნდა იყოს გამოვლენილი. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, რაც მოხდა. მადლობა შსს-ს რომ მათ არ დაუშვეს დღეს სიტუაციის გართულება. მინდა გითხრათ, რომ არავინ დაუშვებს ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს და სიტუაციის არევას. ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში, ვინც ეცდება დესტრუქციულ მოქმედებებს და პროვოკაციების მოწყობას”, -განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან გიორგი ღურჯუმელიძემ.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დავით მჟავანაძეს სთავაზობს, ოზურგეთში ამავე პარტიის ნაცემი დეპუტატის, ბესო ქათამაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილეების მიმართ “კაცურად იმოქმედონ”.
რამიშვილი მჟავანაძეს სთავაზობს, საჩივარი არ დაწერონ, სანაცვლოდ კი ინციდენტში მონაწილეებს აცემინებს.
როგორც ცნობილია, ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ქათამაძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.