მარნეულში ჯერ კიდევ არავინ იცის, აშენდება თუ არა პირველი პარკი

1010

წინა სტატია

დღეს 14 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი პარკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დამსწრეებს თავად ინიციატორმა რაიან სმიტმა გააცნო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

რაიანი დიდიხანია, რაც მარნეულში პარკის მოწყობითვის იბრძვის, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს.  მარნეულის მერიასთან თხოვნა მხოლოდ საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე აქვს, რაზეც მან ოფიციალური პასუხი ჯერ  ვერ მიიღო.

რამდენიმე თვეა, რაც რაიანმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

როგორც დღეს თავად განაცხადა, მარნეულში უკვე 7 წელია ცხოვრობს და მიაჩნია, რომ ბავშვებს უსაფრთხო პარკი ძალიან სჭირდებათ და ამისთვის ბრძოლას აგრძელებს.

პრეზენტაციაზე რაიანმა დამსწრეებს უთხრა, რომ, როდესაც ამერიკაში ატრაქციონებს ცვლიან ძველ ატრაქციონებს კარგად ანახლებენ და სხვა ქვეყნებში გზავნიან, რომელიც შედარებით იაფი ჯდება. მას მარნეულისთვის ატრაქციონი უკვე შერჩეულიც აქვს.

დღევანდელ პრეზენტაციას დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია მოქალაქის ინიციატივის შესახებ და გამოხატეს საკუთარი აზრი.

რაიან სმიტს პარკისთვის სახელიც შერჩეული აქვს „მოუშვი ბავშვები ჩემთან“ და პარკის შესაძლო ტერიტორიის ვარიანტად 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას განიხილავს, რომელიც მარნეულის მერიის შენობის ახლოს მდებარეობს. თუმცა ეს მხოლოდ იდეიის დონეზე, გამომდინარე იქედან, რომ არ იცის საკუთარ ინიციატივას როგორ განახორციელებს. ვინაიდან უკვე ერთ წელზე მეტია მერიიდან პასუხს ელის, თუმცა დღემდე არ მიუღია.

როგორც ცნობილია, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მას ბრალად მოქალაქის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება, რაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯერ-ჯერობით, ისიც არ არის ცნობილი, ვინ შეასრულებს მარნეულის მერის მოვალეობას. შესაბამისად, არავინ იცის, როდის მიიღებს რაიან სმიტი ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხს.