მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, აბაზოვი თავს საკმაოდ მხნედ გრძნობს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“თვითონ საკმაოდ მხნედ არის და იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად”,- განაცხადა ზვიად ასათიანმა.
მარნეულის მერისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა რუსთავის სასამართლოს დღეს მიმართავს. თემურ აბაზოვის შემთხვევაში მთავარი საგამოძიებო უწყება ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – პატიმრობას მოითხოვს.
რაც შეეხება ბრალდებულ პარლამენტის დეპუტატს, აზერ სულეიმანოვს, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა გირაოს მოითხოვს. თემურ აბაზოვისა და სხვა ბრალდებულების საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება. მარნეულის მერის ინტერესებს ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და ზვიად ასათიანი იცავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია პარლამენტის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგ.