დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკატერინე მიდოდაშვილი აცხადებს, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და ინციდენტში მონაწილე პირები დაზარალებულს სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელეკომპანია ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის გამო დათანხმდა ელჩინ ალახვერდიევი ბოდიშის მოხდას და ვიდეოჩართვის გაკეთებას.
“ჯგუფური დანაშაულიდან გამომდინარე, რადგან რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში, იყო სექსუალური მუქარაც. მუქარა წამოვიდა იქედან, რომ, თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და ამას “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერით არ გაავრცელებდა, მას “ბოთლზე დასვამდნენ”. ასეთი ხასიათის მუქარა იყო ყველა პიროვნების მხრიდან. მას შეეშინდა და ამიტომ დათანხმდა ბოდიშის მოხდას და შარდის დალევას”,- განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, დაზარალებული ამ დროისთვის რუსთავის საოლქო პროკურატურაშია. მან გამოძიებას უკვე მისცა დეტალური ჩვენება. მასთან ერთად პროკურატურის შენობაში ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია პარლამენტის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგ.