გაჩერებული მეტროპოლიტენის გამო, თბილისი დღიურად 40-45 ათასი ლარის ზარალს ნახულობს და არა 300 000- 600 000 ლარისას. ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ირაკლი ხმალაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ციფრებზე საუბრისას სჯობს ისწავლონ ანგარიში, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„რასაკვირველია, როდესაც პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები – 600 000 ლარზე საუბრობდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, როცა განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ არ გვიჭირს საერთო ენის გამონახვა ჩვენს თანამშრომლებთან. ამ შემთხვევაში გაგვიჭირდა სახსრების გამონახვა იმისთვის, რომ მივიღოთ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.
როდესაც საუბრობენ ციფრებზე, სჯობს ისწავლონ ანგარიში იმისთვის, რომ ზუსტი ციფრებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მოცემულ შემთხვევაში დღიური ზარალი ნამდვილად არ არის არც 300 000, არც 600 000 ლარი, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთის მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორეს მხრივ, არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის. აქედან გამომდინარე, ასე პრიმიტიულად ნუ ითვლიან, ცოტა მათემატიკაც ისწავლონ, ცოტა აზრიანი განცხადებები გააკეთონ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ცოტა ხნის წინ მემანქანეებმა გაფიცვის შეწყვეტის ახალი პირობა დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.
გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.
ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.