გლდანის დეპოს ტერიტორია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამ წუთებში დატოვა. მისი თქმით, მან აუხსნა მემანქანეებს, თუ რა ვითარებაა მერიასა და სატრანსპორტო კომპანიაში.
“კიდევ ერთხელ ავუხსენით, რა ფინანსური მდგომარეობაა მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. მათ გვითხრეს, მათ რა აწუხებთ. იმედია, ყველაფერზე მოვილაპარაკებთ და ყველაფერი მოგვარდება”, – უთხრა მედიას კალაძემ.
კითხვას, ამუშავდება თუ არა დილიდან მეტრო, კალაძემ პასუხი არ გასცა და ტერიტორია დატოვა. მემანქანეები კი აცხადებენ, რომ გაფიცვას აგრძელებენ და დილიდან მეტრო არ იმუშავებს.
მემანქანეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად ცოტა ხნის წინ დატოვეს. მათი ინფორმაციით, მერმა მათ შესთავაზა, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით 2019 წლიდან ემსჯელათ, მანამდე კი მოეთმინათ, ვინაიდან ახლა დედაქალაქის ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.
უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული პირველი მოლაპარაკებაც, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიაში შედგა.
შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.
დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.