მემანქანეები: გაფიცვას ხვალიდანვე შევწყვეტთ, თუ ხელფასები 2019 წლიდან გაგვეზრდება

1033

წინა სტატია

მემანქანეები ამბობენ, რომ მზად არიან შეწყვიტონ გაფიცვა, თუ ხელფასები 2019 წლიდან გაეზრდებათ. მხოლოდ, ამის დასტურად მემანქანეები ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვენ, რომელიც ხელფასების გაზრდის გარანტი იქნება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არ მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ”, – თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ზაზა ბარაბაქაძემ.

თბილისის მერიას წელს, მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის ფინანსური საშუალება არ აქვს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა. “2019 წელს შევხედოთ, რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები”, – თქვა ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.