კალაძე: დღეს რომ მეტროსადგურები არ მუშაობს, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი

873

წინა სტატია

“ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ის ამბობს, რომ არ დაუშვებს, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო.

“მე, როგორც თბილისის მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერიის მუნიციპალიტეტის 24000-ზე მეტი თანამშრომლისა და დედაქალაქში მცხოვრები მილიონნახევარი მოსახლის წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო. ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები) მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

“ვინაიდან, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამასთან, ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენ ხელთ არსებულ რეზერვებს. მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებსა და კანონზე მაღლა. დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზიანონ დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.