დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია სამეგრელოს ესტუმრა

808

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელოში იყო ჩასული. დელეგაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად უმასპინძლა.

რეგიონის გუბერნატორმა, დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში მეგზურობა გაუწია.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ზუგდიდის ტექნოპარკს სტუმრობდა, სადაც ტექნოპარკის პროექტებს და “ფაბ ლაბში” მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

საქმიან ვახშამზე ლევან შონიამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოტენციალი გააცნო და რეგიონში მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაურა. ლევან შონიამ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და მის მნიშვნელობაზე.

25-31 მაისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო ორმხრივ ვიზიტს საქართველოში მართავს. დელეგაციის წევრები 29 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა, დელეგაცია საქართველოს 31 მაისს დატოვებს.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა მასპინძლობს.