საგარეჯოს აზერბაიჯანულენოვან სოფლებში „ქალთა ოთახი“ გაიხსნება. ამჟამად კი, “ქალთა ოთახი” სოფელ ლამბალოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა.
“ქალთა ოთახს” პროექტის „MOLI კახეთშის“ მხარდაჭერით რემონტი ჩაუტარდა და აღიჭურვა ავეჯითა და აუცილებელი ინვენტარით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე ორგანიზაციების „მერსი ქორისა“ და „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ ხელმძღვანელებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახების“ გახსნას ჩაეყარა საფუძველი.
„ქალთა ოთახები“ არის „მერსი ქორის“ და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ იდეა, რომელიც არის მუნიციპალური სერვისი და ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ მმართველობაში ინტეგრაციას ემსახურება.
„ქალთა ოთახების“ გახსნას კახეთის რეგიონში მხარს პროექტი „MOLI კახეთში“ უჭერს, რომელიც „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ მიერ შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით უკვე მერვე წელია ხორციელდება.
“უახლოეს პერიოდში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ „ქალთა ოთახში“ დაინიშნება პასუხისმგებელი პირი და ოფისი აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას. ერთ-ერთი მიმართულება იქნება ადგილობრივი მოსახლეობიდან ქალბატონების შერჩევა, რომელთაც შესაბამის ტრენინგებს ორგანიზაცია „მერსი ქორის“ ექსპერტები ჩაუტარებენ. პროექტი „MOLI კახეთში“ კი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას „ქალთან ოთახთან”,- აცხადებენ საგარეჯოს მერიაში.
შეგახსენებთ, რომ “ქალთა ოთახი” უკვე გაიხსნა სიღნაღსა და გურჯაანში.