„ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კენჭისყრაში უმცირესობა არ მონაწილეობდა, უმრავლესობამ კი სახელის შეცვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.
ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლასთან ერთად, სახელი შეეცვალა თბილისში მდებარე 15 ქუჩას.
ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს და მოედანს – ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი; კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის სახელი; კრწანისის რაიონში, სერგო სურგულაძის ქუჩას და მასთან არსებული ორ შესახვევს – სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელი; ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს – სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი; ისნის რაიონში, ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის ნოე ხომერიკის სახელი; ისნის რაიონში, სურენ სპანდარიანის ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის გიორგი ლასხიშვილის სახელი; ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩას – საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ორბელიანის სახელი; ისნის რაიონში, თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს – საზოგადო მოღვაწის ეკატერინე მელიქიშვილის სახელი; ისნის რაიონში, თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს – საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილ-ნიკოლაძის სახელი; ნაძალადევის რაიონში, მელიტონ ფილიას ქუჩას – სახელმწიფო მოღვაწის სიმონ მდივანის სახელი; ნაძალადევის რაიონში, სილიბისტრო თოდრიას ქუჩა დაიყოფა სამ ნაწილად და ერთ მონაკვეთს დაერქმევა სახელმწიფო მოღვაწის, სამსონ ფირცხალავას სახელი; მეორეს – სახელმწიფო მოღვაწის ალექსანდრე ლომთათიძის სახელი; მესამე მონაკვეთს კი სახელმწიფო მოღვაწის ვლასა მგელაძის სახელი; სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს – სახელმწიფო მოღვაწის პეტრე სურგულაძის სახელი მიენიჭება.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.