სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების ხარჯები 481 560 ლარით გაიზარდა

1928

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფარქციების ხარჯი, წინა მოწვევის საკრებულოების იმავე მაჩვენებელთან შედრებით, 481 560 ლარით გაიზარდა. ეს ზრდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით არის გამოწვეული. ამის შესახებ ფაქტ-მეტრის კვლევაში წერია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმდინარე მოწვევის საკრებულოებში 303 წევრიდან 169 თანამდებობის პირია. ამდენად, 169 პირი შრომის ანაზღაურებას იღებს. წინა მოწვევის საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა 139 იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წინა მოწვევის საკრებულოებს ფრაქციების ჯამური ხარჯი, თანამდებობრივი სარგოს სახით, წლიური 1 356 840 ლარი იყო. ეს ხარჯი საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეთა სარგოს წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი  ცვლილების შემდეგ, მსგავსი ხარჯი არა მხოლოდ ფარქციის თავმჯდომარის სარგოა, არამედ მისი მოადგილ(ებ)ის. ამდენად, ხარჯები გაზრდილია და მიმდინარე მოწვევის საკრებულოში წელიწადში 1 838 400 ლარს შეადგენს. დღეისთვის, წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აღნიშნული ხარჯები 481 560 ლარითაა გაზრდილი.

გრაფიკი 2: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარისა და მოადგილე(ებ)ის თანამდებობრივი სარგოს წლიური მაჩვენებელი (ლარი)

ფრაქციების თანამდებობის პირების ანაზღაურების ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა ფოთის საკრებულოშია – 169 200 ლარი. ხოლო, კლება ზუგდიდის საკრებულოში ფიქსირდება. თუმცა, აქ აღსანიშნავია ორი გარემოება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობა 50 წევრისგან შედგება და ყველაზე დიდი ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჰყავს, რომელთა რაოდენობა 33 წევრს შეადგენს; ასევე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებამდე, დღევანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ორი მუნიციპალიტეტი იყო. შესაბამისად, ორი საკრებულო არსებობდა და ხარჯებიც მეტი იყო.

გრაფიკი 3: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების ფრაქციების ხარჯის ცვლილება წინა მოწვევის საკრებულოებთან შედარებით (ლარი)

სამეგრელო-ზემო სვანეთის წინა მოწვევის 10 საკრებულოში, 2017 წლის მდგომარეობით, 69 ფრაქცია არსებობდა, ხოლო მიმდინარე მოწვევის ცხრა საკრებულოში, ჯერჯერობით, 51 ფრაქციაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის რაოდენობა შემცირებულია, საკრებულოს თანამდებობის პირთა (ის პირები, რომლებიც შრომის ანაზღაურებას იღებენ) რაოდენობა გაზრდილია. ეს კი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნითაა განპირობებული, რადგან დღეს არსებული 51 ფრაქციის პირობებში, ფრაქციის თანამდებობის პირების რაოდენობა 105 შეადგენს.

გრაფიკი 4: ფრაქციების და თანამდებობის პირების რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში

ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირების გარდა, მნიშვნელოვანია განვიხილოთ საკრებულოს თანამდებობის პირთა (სრული) რაოდენობა. წინა მოწვევის 10 საკრებულოში 139 თანამდებობის პირი იყო, ხოლო საკრებულოს წევრი კი – 296 პირი (იხ. გრაფიკი5). მიმდინარე მოწვევის 9 საკრებულოში წევრთა რაოდენობა 303-ია, საიდანაც 169 წევრი ანაზღაურებად თანამდებობას იკავებს (იხ. გრაფიკი 6).

გრაფიკი 5: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წინა მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება/ შენიშვნა: ზუგდიდი – ორი საკრებულოს მონაცემების ჯამი

გრაფიკი 6: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიმდინარე მოწვევის საკრებულოების წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება

რაც შეეხება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოს (ხელფასი) ოდენობის ცვლილებას – წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულობში სარგოს ოდენობა გაიზრდა, ხოლო შემცირებით, არცერთ მუნიციპალიტეტში არ შემცირებულა.

ცხრილი 1: სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილის სარგო (ლარი)

სენაკი აბაშა ფოთი წალენჯიხა ჩხოროწყუ მესტია მარტვილი ხობი ზუგდიდი
თავმჯდომარე
2014 – მოწვევა 1700 1650 2400 1350 1350 1350 1687 1500 2000
2017 – მოწვევა 1700 1650 2500 1350 1350 1350 1700 1550 2000
სხვაობა 0 0 100 0 0 0 13 50 0
მოადგილე 1200 1200 2200 1100 1100 1050 1250 1200 1250

შენიშვნა: ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანაბარი თანამდებობრივი სარგო  

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ფრაქციის შექმნის არსებული რეგულაცია საშუალებას იძლევა, რომ დღეს არსებული საკრებულოების შემადგენლობის გათვალისწინებით, კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას, რაც ხარჯების დამატებით ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თანამდებობის პირთა ფარდობა საკრებულოს წევრთა რაოდენობასთან საშუალოდ 57%-ია. წინა მოწვევის საკრებულოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 48.8% იყო[1]. ამ კუთხით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოირჩევა, სადაც ეს მონაცემი 67.7%-ია (2/3). ასევე, 60%-ს აჭარბებს ჩხოროწყუს, ფოთის, აბაშისა და მარტვილისსაკრებულოების მაჩვენებელი.

საკრებულოს წევრის საქმიანობა მოხალისეობაზეა დაფუძნებული, რადგან ის უფლებამოსილებას სამსახურეობრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად ახორციელებს[2] და დამსაქმებელს ან სხვა პირს არ აქვს უფლება რამით შეზღუდოს[3]. დღეს არსებული მდგომარეობით კი, საკრებულოს წევრთა ½ -ზე მეტი  შრომის ანაზღაურებას იღებს, რაც საკრებულოს წევრობის პრინციპებს ერთგვარად ეწინააღმდეგება.