მერიის ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირდამცავი ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია ზაფხულის სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.
“ჯებირის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაშენდება ახალი ბულვარი, სადაც მოეწყობა სასეირნო და ველო ბილიკები, საილუმინაციო სისტემა, მწვანე ზოლი და დაიდგმება მოსასვენებელი სკამები”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.