ახალციხის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა სოფიო შევჩენკომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ის ახალციხის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, შევჩენკოს სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„ჩემი სასარჩელო მოთხოვნა იგივეა – აღმადგინონ სამსახურში და ამინაზღაურონ განაცდური“,–ამბობს სოფიო შევჩენკო.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკო უკვე მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია ახალციხის თვითმმართველობაში, რომელმაც სასამართლოში იჩივლა.
ახალციხის საკრებულოს მობილობის წესის დარღვევას ედავებოდა ორი ყოფილი თანამშრომელი – ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი, რომლებმაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგეს. სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაავალა, თუმცა, საკრებულომ საქმე გაასაჩივრა და დავა ახლა სააპელაციოში გრძელდება.
სოფიო შევჩენკოს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა, რაც იმით ახსნა, რომ მერიაში შტატები შემცირდა და ამას თანამშრომლების შემცირებაც მოჰყვებოდა.