სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო

616

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლის საქმის განხილვა დაიწყო. სოფიო შევჩენკო თვითმმართველობას მობილობის წესის დარღვევას ედავება და პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გათავისუფლებამდე, სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტების დამუშავების საკითხებში მესამე რანგის მესამე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი იყო. იგი ფიქრობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, რადგან თვითმმართველობის რეორგანიზაციის შემდეგ, შტატი არ გაუქმებულა.

მოპასუხე მხარის, ახალციხის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსის ბაია იველაშვილის განმარტებით, თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ მერიაში 85 შტატი 63–მდე შემცირდა: „იქამდე თუ ცალკე იყო საქმის წარმოება და საარქივო დოკუმენტების დამუშავება, რომელიც სოფიო შევჩენკოს ეხებოდა, ახლა ეს საქმე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსს სპეციალისტს შევუთავსეთ და პოზიციის დასახელება ასეთია: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო საკითხებში. ეს პოზიცია კი არც შევჩენკოს კომპეტენციაა და არც მისი ტოლფასი თანამდებობა“ – თქვა ბაია იველაშვილმა.

აღნიშნულ პოზიციაზე ამ ეტაპზე მარინე პარუნაშვილი მუშაობს. მოსამართლე გია ბერაიამ მხარეებს საქმეში მესამე პირად მისი ჩართვა შესთავაზა, რაზეც მხარეებმა თანხმობა განაცხადეს.