შეფერხდება თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა?

1049

წინა სტატია

თითქმის ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება დაანონსა. 21 დეკემბერს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღეს, პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია და ის სამ მიმართულებას – ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას მოიცავს. ითქვა ისიც, რომ დოკუმენტზე მუშაობა ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით გაგრძელდებოდა.

სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესი გაჭიანურდა და სამუშაო ჯგუფში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაც არავის გახსენებია.

ორი თვის წინ, თებერვალში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწყებას სტრატეგიის პირველადი ვარიანტი უკვე მზად ჰქონდა. droa.ge-მ აღნიშნული დოკუმენტიც მოიპოვა, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ის თავადვე დაიწუნა და სტრატეგიაზე მუშაობა ხელახლა დაიწყო.

პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან სამი თვის თავზე, დეცენტრალიზაციის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ხელისუფლებამ პარლამენტში მიიწვია და ნაცვლად სტრატეგიისა, თვითმმართველობის განვითარების ხედვა გააცნო. შეხვედრაზე, რომელზეც პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი გამოვიდნენ სიტყვით, პრაქტიკულად, ახალი არაფერი თქმულა. ითქვა ისევ ის, რაც კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში თქვა – რომ სტრატეგია სამ ძირითად პრინციპს დაეფუძნება, რომ ის 10 წელზე იქნება გათვლილი და რომ სტრატეგია იმისთვისაა საჭირო, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დოკუმენტზე სამუშაოდ დაინტერესებული პირების მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფდნენ, თუმცა, არათუ ვინმეს ჩართვა, ჯერ ისიც გაურკვეველია, რეალურად, დაიწყო თუ არა თავად მთავრობამ ამ სტრატეგიაზე მუშაობა.

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც პროცესის ხელმძღვანელი უწყებააა, ძირეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა – 30 მარტს მინისტრი ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, რომელსაც სწორედ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა ჰქონდა ჩაბარებული, ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა, შეიცვალა კიდევ ერთი მოადგილე – კახაბერ გულედანის ნაცვლად მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. თანამდებობიდან გათავისუფლდა, ასევე, გალაქტიონ ბუაძეც, თუმცა, მის ადგილას, ჯერჯერობით, არავინ დანიშნულა.

დღეს ახალმა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან პირველი შეხვედრა გამართა. პარლამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი ხდება, რომ მინისტრმა და კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე, ასევე, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. როგორც droa.ge-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, დეცენტრალიზაციის რეფორმაზეც ისაუბრეს. მისი თქმით, სტრატეგიაზე მუშაობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. გაბუნიამ ისიც თქვა, რომ ლიდინგის ფუნქციას კვლავ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეასრულებს.

თუმცა, ამ ეტაპზე ჯერჯერობით, გარკვეული არაა, თუ ვინ გაუწევს თავად სამინისტროში კურატორობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. როგორც droa.ge-ს სამინისტროში განუცხადეს,  სტრატეგიაზე მუშაობა გაგრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, საკურატორო სფეროები განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, დაზუსტებით იმის თქმა, თუ ვინ ჩაიბარებს ამ მიმართულებას, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ფაქტია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებს საკითხში გასარკვევად დრო სჭირდებათ. შიდაუწყებრივი რეორგანიზაციაც დასრულებული ჯერ კიდევ არაა. ამიტომაც, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, როდის დაიწყებს სამინისტრო დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე სრულფასოვან მუშაობას. პარალმენტის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სტრატეგიის შემუშავებისა და მიღების ვადები არ გადაიწევს, ვინაიდან სამინისტროს დოკუმენტზე მუშაობა, უწყების პირველი პირების შეცვლის მიუხედავად, არ შეუჩერებია. თუმცა, როგორც წესი, ამგვარ საკადრო ცვლილებებს უწყების პრიორიტეტებისა და ვადების ცვლილებებიც მუდმივად სდევს ხოლმე. რა იქნება ამჯერად და შეფერხდება თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა, ამას უახლოესი პერიოდი გამოაჩენს.