საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ ალავიძე 30 მარტს შეცვალა, თანამდებობებზე ყოფილი მინისტრის არც ერთი მოადგილე არ დატოვა. მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა 4 აპრილს ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა. ქარსელაძე, პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გახდა.
თანამდებობა დატოვა მინისტრის კიდევ ორმა მოადგილემ – კახაბერ გულედანმა და გალაქტიონ ბუაძემ.
droa.ge-ს ინფორმაციით, გულედანი ილია ბეგიაშვილმა ჩაანაცვლა. ბეგიაშვილი, 2014 წლის მარტიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
ილია ბეგიაშვილი პროფესიით ექიმია. მან 1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტი და მიენიჭა ექიმის კვალიფიკაცია. 1999 წლის იანვარში მუშაობა დაიწყო ქ. სიღნაღის გამგეობაში,
გამგებლის მრჩევლად სამედიცინო საკითხებში.
1999 წლის ივნისიდან 2010 წლის აპრილამდე მუშაობდა “PSP ჯგუფში” სხვადასხვა თანამდებობებზე: საწყობის გამგედ, დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად, მომსახურების დეპარტამენტის უფროსად.
2010-2012 წლებში იყო ქართულ-უკრაინული ფარმაცევტული კომპანიის დირექტორი, ხოლო 2012 წლის აპრილიდან 2014 წლის თებერვლამდე შპს „თეგეტა მოტორსის“ ადმინისტრაციის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2014 წლის 4 მარტს ბეგიაშვილი დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2014 წლის 26 მარტიდან დღემდე იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
რაც შეეხება გათავისუფლებულ კიდევ ერთ მოადგილეს, გალაქტიონ ბუაძეს, ის, მინისტრის მოადგილეობის პარალალურად, 2016 წლის ნოემბრიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. droa.ge-ს ინფორმაციით, ბუაძე ამ თანამდებობას შეინარჩუნებს, თუმცა, მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.
ჯერჯერობით, ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს ორი მოადგილე – ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი ეყოლება.