ქარსელაძე: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთს წლის ბოლომდე გავხსნით

81

მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც სამუშაოების პროგრესი წლის ბოლოსთვის უკვე 70%-ს გადააჭარბებს. მეტიც, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 4-ზოლიანი 5 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძე, გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე გაეცნენ.

უწყებს ცნობით, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი მონაკვეთი კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს. გიორგი ურუშაძის შეფასებით კი, პროექტი ტურისტული ზონების გვერდის ავლით გადაადგილების საშუალებას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ტურისტულ ზონების ეკოლოგიური გაჯანსაღებისათვის.

პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.