მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ხდება

977

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თავის პირველ მოადგილედ ირაკლი ქარსელაძეს ნიშნავს.

ქარსელაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2 დღის წინ დაინიშნა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ის პარალელურად, პირველი მოადგილის ფუნქციებსაც შეასრულებს.

რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს, ამ დრომდე გარკვეული არ არის, დატოვებენ თუ შეინარჩუნებენ პოსტებს ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაქტიონ ბუაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ცქიტიშვილი მათი შეცვლის საკითხსაც განიხილავს. აქამდე პირველი მოადგილის პოსტს ირაკლი მატკავა იკავებდა.

საქვეუწყებო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მინისტრის პირველ მოადგულედ დანიშვნის პრაქტიკა ინფრასტრუქტურის სამინისტროში აქამდეც არსებობდა. 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის პოსტსაც იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაია ცქიტიშვილი, ზურაბ ალავიძის ნაცვლად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.