როდის ექნება ხელისუფლებას საბოლოოდ დეცენტრალიზაციის სტრატეგია

809

წინა სტატია

საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიღებას წლის ბოლომდე აპირებს, – ამის შესახებ დღეს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. დღეს ხელისუფლებამ მხოლოდ სიტყვიერად წარმოადგინა ის, თუ რას ფიქრობს, რომ გაითვალისწინოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში.

სტრატეგია, როგორც მთავრობა იუწყება, სამ მიმართულებაზე იქნება აგებული და რვა წელზე იქნება გათვლილი. ანუ, რეალურად, დეცენტრალიზაცია ამ დროისთვის განხორციელდება.

პირველი საკითხი ფისკალური დეცენტრალიზაციაა, თუმცა, დღემდე არაა ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რომელ გადასახადებს და რა ოდენობით დაუტოვებენ ადგილობრივ თვითმმართველობებს. არ არის ცნობილი, როგორი იქნება გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებითვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხები ნაწილდება. არ არის ცნობილი, გადასცემს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე არსებულ ქონებას, რომლის დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია.

ერთადერთი, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პრეზენტაციაზე თქვა, ისაა, რომ 2025 წლისთვის, ანუ 7 წელიწადში, მუნიციპალური შემოსავლები მშპ-სთან მიმართებით მინიმუმ 7% უნდა იყოს. პრინციპში, მხოლოდ ეს არის ის ერთადერთი კონკრეტული და გრძელვადიანი გზავნილი, რაც ხელისუფლებისგან დღევანდელ პრეზენტაციაზე გაცხადდა.

მეორე საკითხი, რომელიც სტრატეგიაში უნდა იყოს გაწერილი, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების გაზრდაა, თუმცა, ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რა უფლებამოსილებების გადაცემას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და როგორი იქნება ამ უფლებამოსილებების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა.

მესამე საკითხი კარგი მმართველობის ჩამოყალიბება და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. თუმცა, როგორც წინა ორ შემთხვევაში, არც ამ შემთხვევაში დაუკონკრეტებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორ აპირებენ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილებზე და ღია მმართველობის დანერგვას ადგილობრივ თვითმმართველობებში.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე საუბარი ჯერ კიდევ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისას დაიწყო. 2017 წლის ივნისში ხელისუფლებამ თქვა, რომ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. მოგვიანებით, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან  სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” წარდგენისას საზოგადოებას აცნობა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა იწყება. ითქვა ისიც, რომ სტრატეგიის პირველადი ვარიანტი 2018 წლის მარტისთვის გამოქვეყნდებოდა. შემუშავდა გარკვეული დოკუმენტიც, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დაუკვეთა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არც ეს დოკუმენტია საბოლოო და დღეისათვის ხელისუფლებამ საზოგადოებას მხოლოდ თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარუდგინა და დაპირდა, რომ ზაფხულისთვის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტს გამოაქვეყნებს, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ჩართავს, წლის ბოლოსთვის კი აღნიშნულ სტრატეგიას დაამტკიცებს.