მთავრობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი უკვე მზად აქვს

1164

მთავრობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი უკვე მზად აქვს და droa.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას ამ საკითხზეც ისაუბრებს.

როგორც გვარკვიეთ, დოკუმენტი სამ მიმართულებას მოიცავს: ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე.

ჩვენი ინფორმაციით, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემაზე, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილებასა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვებაზე, თუმცა, ისიც გავარკვიეთ, რომ, მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგია, ეკონომიკის სამინისტროსთან კი მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის თაობაზე კონსულტაციები ჯერ არც დაწყებულა.

მეორე მიმართულება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას გულისხმობს, რასაც, “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, შესაბამისი ფინანსების გადაცემაც უნდა მოჰყვეს, თუმცა, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს დაყოლიება ამ საკითხშიც გართულდება. კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის სამინისტროდან სოციალური სფეროს ნაწილის თვითმმართველობებისთვის გადაცემაზე და ის, ძირითადად, სოცდაუცველთა ქულების დათვლას ეხება. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მისგან, პირველ რიგში, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მოსწავლეთა ტრანსპორტირების, სკოლების მოვლა-შენახვისა და მშენებლობის საკითხის დელეგირება უნდა მოხდეს.

რაც შეეხება კარგი მმართველობის კომპონენტს, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია “ღია მმართველობის პარტნიორობის” კომპონენტის დანერგვაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში, სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო დონეზე გარკვეული სტანდარტების დაწესებაზე, აგრეთვე, გამჭვირვალობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დოკუმენტი უკვე განიხილა დონორ ორგანიზაციებთან, თუმცა, დაპირების მიუხედავად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი კვლავაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე მომზადდა. დაპირება, რომ ეს დოკუმენტი ერთობლივად მომზადდებოდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე სექტორის წარმომადგენლებს იმ შეხვედრაზე მისცეს, რომელზეც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობდნენ. თუმცა, როგორც სჩანს, ხელისუფლება არც ამ შემთხვევაში აპირებს პირობის დაცვას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მომავალში უკვე მომზადებული სტრატეგიის განსახილველად დაპატიჟებს.

ჩვენი ინფორმაციით, სამთავრობო დონეზე, ამ დროისთვის კონსულტაციები მხოლოდ ორ უწყებასთან – განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთანაა გამართული. სხვა სამინისტროებთან კი კონსულტაციები ჯერ არც დაწყებულა.

ამის მიუხედავად, დღეს პრემიერი ამ საკითხზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მაინც ისაუბრებს. ამიტომაც გაუგებარია, როგორ მოხდება სტრატეგიის განხორციელება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ორ მთავარ უწყებას – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს მუნიციპალიტეტებისთვის ქონებისა და ფინანსების გადაცემის საკითხებზე, ტრადიციულად, უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.