ტელეკომპანია “რუსთავი 2” გორის, ახმეტა-თელავისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატების ბიზნესის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. გორს მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის, ოჯახის კომპანია იბოლიამ მარტში, დაახლოებით, 1,5 მილიონის ღირებულების 3 სხვადასხვა ტენდერი მოიგო.
ქართული ოცნების წევრის ოჯახის კომპანია შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების რჩეული კომპანიაა და სახელწიფო დაკვეთებსაც უმეტესად მას აძლევენ. მაგალითად, 7 მარტს ბიუჯეტიდან 0,5 მილიონი დეპუტატმა გორში სამების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო.
გარდა ამისა, ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3,5 მილიონის სახელმწიფო ტენდერი კომპანია შარამ მოიგო, რომლის წილსაც დეპუტატ მაკრახიძის ცოლი ფლობს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ იოსებ მაკრახიძე სტატუსს და გავლენებს პირადი ბიზნესინტერესებისთვის იყენებს.
გორის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს არ იღებს.
გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ახმეტა-თელავის მაჟორიტარის, გელა სამხარაულის, საქმიანობის მიზანი არა ამომრჩევლის, არამედ პირადი ინტერესების დაცვაა, რაშიც მას ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება. ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის დეიდაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ცოლის ძმა კი თელავის საკრებულოს ხელმძღვანელობს.
გელა სამხარაულის მიწები ადგილობრივ საკრებულოებში ჩხუბისა და დაპირისპირების მიზეზი რამდენიმე დღის წინ გახდა. თელავის საკრებულოში, 45 ჰექტარის გამო, ერთმანეთს დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კიდევ ერთი მაჟორიტარი, რომელსაც ოპოზიცია თაღლითობაში ადანაშაულებს, ქართული ოცნების წევრი, კობა ლურსმანაშვილია. ის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წელს ამ მანდატის მიღებამდე ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
ლურსმანაშვილის გამგებლობის დროს გარემონტდა ამფითეატრი, რომელიც 0,5 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა, 2 წელში შენობა დაინგრა.
ნაციონალური მოძრაობა დეპუტატს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს. მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს.