წალენჯიხის მერი: ბიზნესის დაინტერესებას მინიმალური ბიუროკრატიით ვეცდებით

525

წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ ფაქტის შემდეგ, წალენჯიხის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება და ინტერესი, მათ შორის ბიზნესის მხრიდან.

BM.GE დაინტერესდა, რა მიმართულებით ცდილობს ცვლილებების ქალაქიკ კერძო სექტორის დაინტერესებას. წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, BM.GE-სთან ამბობს, რომ მთავარი მიმართულება მათთვის მინიმალური ბიუროკრატიის უზრუნველყოფა იქნება.

“თვითმმართველობის კომპეტენცია კანონით განსაზღვრული და გაწერილია. ამ კომპეტენციის ფარგლებში, მთავარი მიმართულება ბიზნესისთვის მინიმალური ბიუროკრატია იქნება და შემდგომ კონკრეტული საინვესტიციო პროგრამებისთვის მათი მოზიდვა, რის საშუალებასაც ეს ხეობა და ეს რაიონი იძლევა. არის ხედვები სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. მსხვილი ბიზნესი საკუთარი თვალთახედვით უყურებს ამ ყველაფერს და ის ინტერესი, რაც არჩევნების შედეგმა მოიტანა, მოითხოვს დეტალურ ანალიზს”, – ამბობს გია ხარჩილავა.

წალენჯიხის მერი ასევე აღნიშნავს, რომ შეიქმნება “მეგობართა კლუბი”, სადაც ბიზნესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

“იქმნება წალენჯიხის “მეგობართა კლუბი”, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული სფეროების ანალიზი გაკეთდება. ბუნებრივია, ჩვენ ბიზნესს კონკრეტულად ვერ მივუთითებთ რა სად და როგორ გააკეთონ; ჩვენ უბრალოდ არსებულ რეალობას გავაცნობთ ვგულისხმობ მუნიციაპლიტეტის ეკონომიკურ პოტენციალს ტურზიმის თუ სხვა სფეროების ჭრილში”, – აღნიშნა წალენჯიხის მერმა.