ხარაგაულის მერი გედსამანიის სკოლაში დასაქმებულთა უფლებების დაცვას გაზაფხულიდან აპირებს

338

სამი წელი იწურება, რაც გედსამანიის სკოლაში დასაქმებულები მაღალმთიანი დასახლების პედაგოგებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. პრობლემა იმაშია, რომ გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან არის ოპტიმიზირებული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

გედსამანიის სკოლაში დასაქმებულებმა შეღავათებით რომ ისარგებლონ, ამ სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

რა გზებითა და მეთოდებით აპირებს ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა გედსამანიის სკოლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვაზე ზრუნვას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერს, საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მაჟორიტარ დეპუტატს რამდენჯერმე მივმართეთ.

ამჯერად ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს: „გედსამანიის სკოლის კორპუსი აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სკოლა დამოუკიდებელ სტატუსს ვერ მიიღებს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ამიტომ გვირჩევნია, 2022 წლის გაზაფხულიდან ამ შენობის აკრედიტაციის პირობებთან შესაბამისობაში მოყვანაზე ვიზრუნოთ და მერე დავნიშნოთ ყველა ის პროცედურა, რაც გედსამანიის სკოლის ხუნევის სკოლიდან გამოყოფისთვის არის აუცილებელი.

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოვახერხებთ მომავალ წელს გედსამანიის სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის თანხების მოპოვებას. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან ამას ყურადღება მოვაქციოთ“.

გედსამანიის სკოლა ხუნევის სკოლასთან 2005 წლიდან არის ოპტიმიზირებული. ამ სოფელში სასწავლო დაწესებულება გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაარსდა.

გედსამანიაში 1965 წლიდან სკოლა ცხრა წლიანად გადაკეთდა და 2005 წლამდე დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობდა. 2005 წელს გედსამანიის სკოლის ხუნევის სკოლასთან შეერთება მოსწავლეთა სიმცირემ განაპირობა.