დღეიდან, 1 დეკემბრიდან გაზი ზოგიერთ ქალაქსა და დასახლებაში მოსახლეობისთვისაც გაძვირდა

598

წინა სტატია

დღეიდან, 1 დეკემბრიდან გაზის ტარიფი ზოგიერთ ქალაქსა და დასახლებაში იზრდება. სემეკმა მიერ ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილება სწორედ დღეიდან ამოქმედდება.

სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი:

შპს “დიდი დიღმის” მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება. დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება;

შპს “თელავგაზის” მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1 თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება;

შპს “საჩხერგაზის” მომხმარებლებისთვის ტარიფი 0.635 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება. კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის ემსახურება;

შპს “დი-ვი-ეს”-ისთვის ტარიფი 0.500 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრის ფასი 51.789 თეთრი იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალას ემსახურება;

შპს “ყამარი მ”-სთვისაც ტარიფი 1 თეთრით გაიზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 51 თეთრი იქნება. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს.

დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაციით, “თელავგაზს” ტარიფი მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის უნდა გაეზარდა, თუმცა, მატება მოსახლეობასაც შეეხო.

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა.

დღეიდან გაზის ტარიფი რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც იზრდება. ბიზნეს-სუბიექტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 1,15 ლარი იქნება.