ხარაგაულის მერიაში, სავარაუდოდ, რეორგანიზაცია იგეგმება

520

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, წელიწადნახევარია, რაც ვაკანტურია ეკონომიკისა და ქონების მართვის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების უფროსების თანამდებობები. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

რამდენიმე თვის წინ ვაკანტური გახდა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაც.

როდის გეგმავს ამ სამსახურების უფროსების დანიშვნას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ზოგი განყოფილება, შესაძლოა, გაუქმდეს; ზოგი სამსახური შეერთდეს.

ბავშვზე ზრუნვის განყოფილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურს ექვემდებარება, ლოგიკურია, რომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში გადავიდეს. რომელი განყოფილება დარჩეს და რომელი გაუქმდეს, ამას ამ წლის ბოლომდე გადავწყვეტთ.

ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსები 2022 წელს გამოცხადდება“.