კალაძე: მომდევნო კვირაში დედაქალაქის საკრებულო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს

331

მომდევნო კვირას დედაქალაქის საკრებულო განიხილავს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ჩემი საარჩევნო დაპირებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მერია პანდემიით დაზარალებული ბიზნეს-სუბიექტების მხარდაჭერას ახორციელებს.

„ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათი გაეწევათ. კერძოდ, საიჯარო ვადის სახით, დაემატებათ გაცდენილი ორწლიანი პერიოდი. ასევე, მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირებისგან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით, შემოდის მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა, რომელსაც საკრებულოს წარვუდგენთ და მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა კალაძემ.