თეთრიწყაროს სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშო ბაღი აშენდა, შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. თანამედროვე და კეთილმოწყობილი ახალი საბავშვო ბაღი მოემსახურება მიმდებარე დასახლებების აღსაზრდელებსაც. აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალი შენობა 29 მარტს საზეიმო ვითარებაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ გახსნეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს თანამედროვე სტადნარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა სოფელ სამღერეთშიც, ხოლო ბაღების არსებული შენობების რეაბილიტაცია და აღჭურვა გათვალისწინებულია სოფელ მარაბდაში და სოფელ ჭივჭავში.
ასურეთის საბავშვო ბაღის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს: 374 303 ლარს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან- 348 415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 25 888 ლარი.