თეთრიწყაროში საბავშვო ბაღი გაიხსნა

642

სოფელ სამღერეთში 40 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას; ახალი საბავშვო ბაღის შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.

“მნიშვნელოვანია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს მომზადდა ბაღის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია – შპს  “მამკო“ აწარმოებდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს: 455 580,95 ლარს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 378 719,36 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 76861,59 ლარი”,-აცხადებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.