ზუგდიდში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართეს, რომ ზუგდიდში არსებულ ლავრენტი ბერიას ქუჩას სახელი გადაერქვას და მას 2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ინიციატივის ავტორები ვესაუბრეთ მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და როგორც აღმოჩნდა, ისინი ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს“, – აცხადებენ ხელმომწერები.
განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი, თანასწორობის მოძრაობა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისი, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”, სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და იურისტი რუსუდან პაჭკორია.
გიგა ოთხოზორია ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლეს. 2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სასამართლომ მოგვიანებით მკვლელს ბრალი დაუმძიმა და პატიმრობად 14 წელი განუსაზღვრა.