ადგილობრივი თვითმმართველობა პოლიტიკური დაპირისპირების ავანგარდში – რა გვასწავლა ბორჯომის კრიზისმა?

1779
Marionette Man

“კომუნალური მთავრობა” – ასე ეძახიან ადგილობრივ თვითმმართველობას ბევრ ევროპულ ქვეყანაში, იქ, სადაც ის მართლაც განვითარებულია და ერთ კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების მოგვარებაზე ზრუნავს. ეს სახელწოდება ნათლად განსაზღვრავს, თუ რა არის თვითმმართველობის უმთავრესი არსი.

რა არის თვითმმართველობა?  ეს არის ჩვენი, მოქალაქეების, უფლება და შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ჩვენ შეგვიძლია, თვითმმართველობის საშუალებით, გადავჭრათ კეთილმოწყობის, გზების, დასუფთავების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სხვა მსგავსი საკითხები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვერებაში გვაწუხებს.

სწორედ ამ საკითხების მოსაგვარებლად ვირჩევთ ადგილობრივ ხელისუფლებას. არჩევნები კი მათ ანგარიშვალდებულებას, უმთავრესად, ჩვენ წინაშე ზრდის და არა პარტიის, ან ცენტრალური ხელისუფლების წინაშე.

ასეა ყველგან, სადაც რეალურად დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობა არსებობს.

როგორ წყდება საკითხები საქართველოში?

ქართული დემოკრატია, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი დემოკრატია, საბჭოურ ჩარჩოებს ჯერ კიდევ ვერ გასცდა. თითქმის 30-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, ვერც ცენტრალური ხელისუფლება და ვერც პოლიტიკური ელიტა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს, მის საქმიანობაში ჩარევის საბჭოურ პრაქტიკას ვერ ელევა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩეულები არიან, არც თავად ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰყოფნით პოლიტიკური გამბედაობა, რომ სწორედ ამომრჩევლის წინაშე გრძნობდნენ თავს ანგარიშვალდებულად და არა – ცენტრალური ხელისუფლების, ან თავიანთი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების მიმართ.

კრიზისი, რომელიც ბორჯომში, ერთი შეხედვით, დღეს განიმუხტა, სწორედ ამ პრობლემის უმთავრეს არსს წარმოაჩენს, მისი გადაწყვეტის გზა კი კვლავაც არაცივილური, ძალმომრეობითი, “ზემოდან ჩარევისა” და პოლიტიკური გარიგებების წლობით ნაცადი პრაქტიკა აღმოჩნდა.

რეალურად, რამ შექმნა კრიზისი ბორჯომში და როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

ის, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მმართველობის პრობლემა შეიქმნებოდა, 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ნათელი იყო – ეს მუნიციპალიტეტი, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ის იშვიათი გამონაკლისი გახდა, სადაც მმართველი პარტია ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს – საკრებულოს ვერ აკონტროლებდა. წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობას ოპოზიცია, უმცირესობას კი “ქართული ოცნება” წარმოადგენდა. საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის რიგებიდან აირჩიეს, მერი კი მმართველი პარტიის კანდიდატი გახდა.

რეალურად, პრობლემა სწორედ ძალთა ამგვარი გადანაწილება გახდა და ამოცანაც, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, აქედანვე გამოიკვეთა – ოპოზიციას, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მერიისთვის პრობლემების შექმნით, გავლენები უნდა გაეფართოვებინა, ხელისუფლებას კი – არსებული სტატუს-კვო შეეცვალა.

თავდაპირველად, დაპირისპირება კომისიების თავმჯდომარეების დამტკიცებას მოჰყვა, შემდეგ – ფრაქციების ფორმირებას, საკრებულოს თავმჯდომარე ისე აირჩიეს, რომ “ოცნების” დეპუტაცია, პროტესტის ნიშნად, სხდომაზეც კი არ მივიდა. ამის შემდეგ საკრებულოში მართვის სადავეები სრულად ოპოზიციამ აიღო, თუმცა, საზოგადოების თვალში ეს ბრძოლა გავლენების გაძლიერებად აღიქმებოდა, ამიტომაც სხვა, უფრო სენსიტიური თემა იყო მოსანახი.

ოპოზიციამაც “მოქალაქეთა ინტერესების დაცვის” ყველაზე პოპულისტური გზა აირჩია და მერიას, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის შესაბამისად თანამდებობრივი სარგოების გაზრდაზე უარი შვიდჯერ უთხრა. თუმცა, მანამდე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამავე საკრებულომ მერიას 2018 წლის ბიუჯეტი სწორედ შრომის ანაზღაურების გაზრდილი მუხლით დაუმტკიცა, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავდა, რომ დღის წესრიგში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებისა და მოხელეების ხელფასების მატება აუცილებლად დადგებოდა.

მაშ, რატომ დაამტკიცა “ხალხის ინტერესების გამტარებელმა” საკრებულომ ამგვარი ბიუჯეტი?

საქმე ის არის, რომ, მისი სამჯერ არდამტკიცების შემთხვევაში, წარმომადგენლობითი ორგანო დაიშლებოდა და ხელახალი არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ნორმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” წერია. საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც აღიარებს, რომ ბიუჯეტი მერიას სწორედ ამიტომ დაუმტკიცეს – როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, არც მას და არც ოპოზიციის დანარჩენ წევრებს საკრებულოში კვლავ მოხვედრის გარანტია არ ჰქონდათ. ეს კი მათთვის ყველაზე არასასურველი სცენარი იყო.

ცუდ ვითარებაში იყვნენ თავად “ქართული ოცნების” დეპუტატებიც, რომლებსაც სტატუს-კვოს შეცვლა ჰქონდათ დავალებული და ამის გამო, თუმცა, პროტესტის საბაბით, საკრებულოს სხდომებს სამ თვეზე მეტხანს არ ესწრებოდნენ. კვორუმის არარსებობის გამო კი, ხშირად, საკრებულოს სხდომებიც ვერ ტარდებოდა. იმავე “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, თუ საკრებულოს წევრი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას საკრებულო უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს.

ცხადია, მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა “ოცნების” დეპუტატებს მანდატების დატოვებამდე გარდაუვლად მიიყვანდა. ესეც რომ არა, ჩნდებოდა კითხვები – მაშ, რისთვის აირჩია ისინი მოსახლეობამ? რატომ არიან ისეთი უუნაროები, რომ ოპოზიციას ვერ უმკლავდებიან? ეს მოცემულობა, ცხადია, ვითარებას მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ შეცვლიდა. ამიტომაც გამოსავალზე ფიქრი, მათ ნაცვლად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო.

მუშტი-კრივი, საპროტესტო აქციები, ცენტრალურ ოფისებში გარიგებული პარტიები და იმპიჩმენტით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე

“მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თავისი მოვალეობების შესრულებისას, შეზღუდული არ არის მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით”, – ეს ჩანაწერიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდანაა”. ეს კი, პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი შეხედულებების მიხედვით უნდა იმოქმედონ და პარტიული მითითებები საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენონ.

ბორჯომის საკრებულოში კი არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ერთმანეთთან დიალოგის გზით პრობლემის გადაწყვეტის სურვილიც კი არ გამოუხატავთ და ამის ერთადერთი მიზეზი სწორედ ცენტრალური ოფისებიდან განსაზღვრული პარტიულ-პოლიტიკური დღის წესრიგი იყო. სწორედ ამიტომაც მივიდა მუნიციპალიტეტში საქმე მუშტი-კრივამდე, მმართველი პარტიის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებამდე, საჯარო მოხელეების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტამდე, მმართველი და ოპოზიციური პარტიის – “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურ გარიგებამდე, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი და, საბოლოოდ, ოპოზიციის გაუვნებელყოფა მოჰყვა.

“დემოკრატ მესხთა კავშირის” თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული წევრი დამნაშავეა. “მთელი ამ ხნის მანძილზე არასწორად იქცეოდა საკრებულოს თითოეული წევრი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას მიეკუთვნებოდა. საკრებულო იმისთვის აირჩიეს მოქალაქეებმა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს და არა – პარტიულ ინტერესებზე. ამ ადამიანებმა, საკრებულოს წევრობაზე მაღლა, საკუთარი პარტიული ინტერესები დააყენეს. გამომდინარე აქედან, ისინი საკუთარი პარტიული ინტერესების გატარებას ცდილობენ საკრებულოში და არა იმას, რომ რეალურად ის საქმეები აკეთონ, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტშია გასაკეთებელი. ეს ზოგადადაც ცუდი ტენდენციაა, იმიტომ, რომ ეს პრეცენტდენტი პირდაპირ ამბობს, რომ არ შეიძლება, გვყავდეს მრავალპარტიული საკრებულო, არ შეიძლება, საკრებულოში გვყავდეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომ საკრებულოში, არ შეიძლება, ერთ პარტიას არ ჰყავდეს გადამწყვეტი უმრავლესობა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ბევრი ადამიანის აზრის მოსმენითა და გათვალისწინებით და აუცილებლად პარტიული ინტერესი უნდა წამოვწიოთ წინ. ხალხმა ეს ადამიანები იმისთვის აირჩია, რომ მათი პრობლემები გადაწყვიტონ, ისინი კი პარტიულ გარჩევებს უნდებიან და ხელის გადაწევის პოლიტიკას მიჰყვებიან. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის მაჩვენებელია და მსგავსი შემთხვევები ძალიან ცუდ მაგალითსა და პრეცედენტს ქმნის”, – ამბობს ანდღულაძე.

“ადგილობრივი თვითმმართველობა ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა. თუმცა, თავისი ბუნებით, მკვეთრად განსახვავდება ცენტრალური ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკისგან. თვითმმართველობის პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობის ყოველდღიურ და პირველად საჭიროებებზე საპასუხოდ. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველზე შეუფერებელი ადგილია ბინძური პოლიტიკური თამაშებისთვის, ეს თვითმმართველობის იდეის უგულვებელყოფა და მოსახლეობის დაცინვაა. თვითმმართველობა ხორციელდება დამოკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და, რაც მთავარია, ის მხოლოდ დეცენტრალიზაციის პირობებშია ქმედითი. თუ სუპერცენტრალიზებული პოლიტიკური პარტიები იქ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს გაატარებენ და ეს ინტერესები არ არის მოსახლეობის საჭიროებებიდან ნაკარნახევი, მაშინ იქ არ ხორციელდება თვითმმართველობა. ის, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხდებოდა და მოხდა, არის საქართველოს პარლამენტის გაგრძელება ბორჯომში და არა ბორჯომის საკრებულო. ბორჯომის საკრებულოს ბორჯომში რეგისტრირებული მოქალაქეები ირჩევენ იმ მიზნით, რომ გადაწყვიტონ საკუთარი მწვავე და პირველადი საჭიროებები და არა იმისთვის, რომ კიდევ ერთი საჭიდაო მოედანი შეუქმნან პოლიტიკურ პარტიებს”, – ამბობს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, დაბალი პოლიტიკური კულტურის გარდა, პრობლემას მსხვილ თვითმმართველობებშიც ხედავს. მისი თქმით, რაც უფრო მსხვილია თვითმმართველობა, მით უფრო მეტია მის საქმიანობაში პოლიტიკური პარტიების ჩარევის სურვილი და მცდელობა.

“ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ბორჯომის კრიზისმა გვაჩვენა, არის ის, რომ საქართველოში ძალიან მსხვილი თვითმმართველობებია, რომელთა არჩევითი ორგანოები უფრო მეტად არიან პოლიტიკური ორგანოები და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საჭიდაო არენა, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისათვის სერვისების მიმწოდებელი ერთეულები. ჩვენ ისეთი სახელმწიფო მოწყობა გვაქვს, რომ, პარლამენტის გარდა, არჩევითი ორგანოები მხოლოდ თვითმმართველობებს ჰყავთ. ამავდროულად, გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, მისი პოლიტიკური წონა ძალიან იზრდება და  ხელისუფლებას უბიძგებს იმისაკენ, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ყველა თვითმმართველი ერთეული იმისათვის, რომ ქვეყანაში მართვადობის პრობლემა არ შეიქმნას.

მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის თემა. ხელისუფლება ვერ ეგუება რომელიმე ერთეულში ოპოზიციის უმრავლესობით მოსვლას. მესამე პრობლემა კი თავად ოპოზიციის მოუმზადებლობა და სისუსტეა. ძალიან დემაგოგიურ ტალღაზე წაიყვანა ბორჯომის საკრებულომ მერიასთან დაპირისპირების პროცესი. უამრავი სხვა თემა არსებობს, სადაც შეიძლება მერიას ოპონირება გაუწიოს, მაგრამ მან მაინც პოპულისტური და დემაგოგიური თემის წამოწევა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაჩანიძე, როგორც ჩანს, ბორჯომში საკმაოდ პოპულარული ფიგურაა, მან ვერ შეძლო, ეს პოპულარობა უკეთესად გამოეყენებინა, ყველაფერი ამ პოპულისტურ დაპირისპირებაში გადაიყვანა და ფაქტობრივად, თავისი რეპუტაცია გაფლანგა”, – ამბობს მელაშვილი.

რა გვასწავლა ბორჯომის კრიზისმა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები?

მმართველი პარტიის მიერ “პოლიტიკურად მოგვარებულ” ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარე კვლავ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გახდა, ის, რომელმაც წინა კვირას მისივე თანაპარტიელის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, მანამდე კი, ისევე, როგორც ჩაჩანიძე,  მერიის ჩინოსნებისთვის ხელფასების მომატებას მხარს თავადაც არ უჭერდა. მისი მოადგილე “ქართული ოცნების” წევრია, მაშინ, როცა მანამდე ორივე თანამდებობას სწორედ “ალიანსელები” იკავებდნენ. მერიას გაზრდილი თანამდებობრივი სარგოები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევისთანავე, დაუმტკიცეს. ოპოზიცია დაშლილია და ის ბორჯომის წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობას, შესაბამისად, ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენს, – ეს არის ოთხთვიანი კრიზისის შედეგი.

რამდენად გამოხატავს ძალთა ეს ბალანსი იმ ამომრჩეველთა ნებას, რომლებმაც საკუთარი პოზიცია ნახევარი წლის წინ არჩევნებში დააფიქსირეს? სავარაუდოდ, არა, ვინაიდან ზაზა ჩაჩანიძემ, რომელიც წინა 4 წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ლიპარტიასთან პირველ ტურში მხოლოდ 0.2%-ით, ანუ 24 ხმით წააგო. ეს ფაქტი და სხვა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობებს ასახავდა. ფაქტია, დღეს უკვე ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პოლიტიკური ბალანსი ამომრჩევლების მიერ გამოხატული ნების ადეკვატური აღარ არის.

იმის საფრთხე, რომ წარმატებით თავბრუდახვეულმა ხელისუფლებამ “ბუნტის ჩასახშობად” იგივე მეთოდებს სხვაგანაც მიმართოს და ამით, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, ამომრჩეველზეც მოახდინოს ზეგავლენა, ცხადია, დიდია. თუმცა, ექსპერტი ირაკლი მელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ბორჯომის ამგვარმა დასასრულმა უკუპროცესები და სამომავლოდ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვიოს.

“ქართული ოცნების” დღევანდელ ხელმძღვანელობას ნაკლებად აქვს უნარ-ჩვევები, რომ პოლიტიკური მეთოდებით მართოს პროცესები. მმართველი პარტია, როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე, პოპულარული და ავტორიტეტული ლიდერების დეფიციტსაც განიცდის, ამიტომაც ძალაუფლების შენარჩუნებას ისინი ძალოვანი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. ამის მიუხედავად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს საკრებულო. თუ ის მერიის დანამატად იქცევა და ოპონირებას არაფერში გაუწევს, როგორც ეს არაერთ სხვა მუნიციპალიტეტში ხდება, შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – საზოგადოებამ დაინახოს, რომ არ ვარგა ასეთი ერთმმართველობა ქვეყანაში და პროტესტის გრძნობა უფრო მეტად გაუჩნდეს. თუკი ბორჯომში მერისა და მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაცია გამოიწვევს იმას, რომ იქ გაიზარდა კორუფციის დონე, ადმინისტრაციული ხარჯები, არ გაუმჯობესდა სერვისების მიწოდება, პირიქით, შეიძლება ამ მოვლენამ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშაოს”, – ამბობს ექსპერტი.

ასწავლა თუ არა ბორჯომის კრიზისმა რამე ოპოზიციას ან ხელისუფლებას? განვითარებული მოვლენებითა და მიღებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ბორჯომის გაკვეთილიდან მათ, ჯერჯერობით, ვერაფერი ისწავლეს. 

რა უნდა გვესწავლა ამ კრიზისიდან? როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის, თუ როგორ არ უნდა მართონ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მუნიციპალიტეტები, როგორ არ უნდა ჩარიონ მათ პარტიული ლიდერები ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში და როგორ უნდა ამოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებიდან.

“საქართველოს ძირითად პოლიტიკურ სპექტრს თვითმმართველობის არსი დღემდე გააზრებული არ აქვს. მისი არსი, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა ქვეყნის მართვასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში გააზრებული რომ ჰქონდეთ, ჩვენ აქამდე თვითმმართველობა გვექნებოდა. 30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და მაინც არ გვაქვს ისეთი თვითმმართველობა, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ევროპული თვითმმართველობა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ყოველთვის ცენტრალიზებულ მართვაზეა ორიენტირებული.

ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ დეცენტრალიზაციის დეკლარირებული პროცესი დროულად დაიწყოს, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი. ოპოზიციას კი ვურჩევდი,  უფრო მეტად პასუხისმგებლიანები გახდნენ. ამ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ორივეს ერთად კი ვურჩევდი, გადახედოს საკუთარ საბჭოურ წარმოდგენებს თვითმმართველობაზე”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.