ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება.
მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში – ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში – ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილში, ყაზბეგსა და ხაშურში გაიმართება. ამ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი 50%-იანი ზღვარი მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ. პირველ ტურში ჭიღვარიამ – 48.66%, ხოლო ვაშაძემ 27.04% მიიღეს.
ბორჯომში მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძოლებენ. ლიპარტიამ პირველ ტურში ჩაჩანიძეს 24 ხმით მოუგო, თუმცა, 50% ვერც ერთმა მათგანმა დააგროვა. პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატების შედეგებს შორის სხვაობა 0.2%-ია, რაც მეტად კონკურენტულ მეორე ტურზე მიანიშნებს.
ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის გაიმართება. 21 ოქტომბრის არჩევნებზე სიორიძემ 43,35%, ხოლო შარაშენიძემ 41.86% დააგროვეს. 21 ოქტომბრიდან დღემდე ოზურგეთში განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, აქაც მძაფრ მეორე ტურს უნდა ველოდეთ.
მარტვილში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდნენ. გრიგალავამ პირველ ტურში ამომრჩეველთა 49.76%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დანელიამ – 35.81%-ის.
ხაშურში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ. პირველ ტურში გურასპაშვილმა ხმების 42.24%, ხოლო ნოზაძემ 18.48% მოაგროვეს.
ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი, სანდრო ყამარაული იბრძოლებენ. ზაგაშვილმა პირველ ტურში 44.62%, ხოლო ყამარაულმა 26.85% მოაგროვეს.
მეორე ტურს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც გაიმართება.
არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.
არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. ცესკოს ინფორმაციით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი. ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა და დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.
მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს.
ცესკოს ცნობით, 12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელია. რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს, დაკვირვების უფლების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ასევე, მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელია რეგისტრირებული.
20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. დილის 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე კი იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ნოემბერს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 5-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.