საია: მუნიციპალიტეტებში ქალები წამყვან პოზიციებზე არ ინიშნებიან

709

პოლიტიკური პარტიები წინასარჩევნოდ ქალებს ამუშავებენ, თუმცა შემდეგ სიებში არ სვამენ, – ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ეს შედეგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში აისახა. ზუგდიდში საიას კვლევის პრეზენტაციისას, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ქალებს, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„ჩვენ შეგვიძლია ეს პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გავყოთ. პირველი ეს არის საკანონმდებლო ბაზა. მნიშვნელოვანია, სავალდებულო კვოტების შემოღება, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები და მეორეს მხრივ, აუცილებელია პარტიების შიდა დემოკრატიის განვითარება, რათა ქალებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისინი ნომინირებულები იყვნენ გადამწყვეტ პოზიციებზე. ამ მხრივ ყველა მუნიციპალიტეტში ანალიგიური სურათია. არ ხდება მათი წარდგენა წამყვან პოზიციებზე“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ შეისწავლა ასევე, თუ რამდენად ახდენდნენ ქალი დეპუტატები საკრებულოებში საკითხების ინიცირებას: “ერთიანობაში გამოიკვეთა ის პრობლემა, რომ ძირითადად, ინიციატივებს წარადგენენ საკრებულოს თავმჯდომარები“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ, რომელიც კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა, თქვა, რომ ქალთა კვოტირების მოწინააღმდეგებს უსუსური არგუმენტები აქვთ.

“თუნდაც ბოლო ადგილობრივმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ქალი კანდიდატობის მსურველები არიან ძალიან ბევრი. არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრს მუშობენ იმ მიმართულებით, რომ ხდება ქალი ლიდერების წარმოჩენა, გაძლიერება. ჩვენ ვეუბნებით ქალებს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ არის დაინტერესება ქალების მიმართ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებენ კაცები, თუ ვინ უნდა იყვნენ სიაში“, – განაცხადა ციცინო შენგელიამ.

გენდერულ ანალიზთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური უფლებების რეალიზებაზეც გააცნო კვლევა.