ადიგენის ექვს სოფელში 64 ათასი ლარის პროექტები ვერ დასრულდა

773

წინა სტატია

ადიგენის ექვს სოფელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაციისთვის 64 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ვერცერთი ობიექტის დასრულება ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული პროექტების დათვალიერებისას გამოავლინა, რომ ექვს სოფელში: ნაქურდევი, მლაშე, ციხისუბანი, ნამინაური, პატარა ზანავი და არზნე, მოწყობილი სარიტუალო სახლები დაუსრულებელია.

“მიზეზი ისაა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე არ დგებოდა ერთიანი პროექტი და მშენებლობა წლების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. სახლების მშენებლობასა და მოწყობაზე გაწეულია 64 ათასი ლარის ხარჯი, თუმცა, აღნიშნული პროექტებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს”, – ვკითულობთ აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დარცელსა და ღორთუბანში მოსახლეობის თავშეყრის ოთახისა და სარწყავი წყლის სისტემის მოსაწყობად, 11 ათას ლარად შეძენილია სამშენებლო მასალები, მათ შორის, წყლის მილები, თუმცა, აღნიშნული მასალები გამოყენებული არ არის.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტმა კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოს საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების რაოდენობა და შესაბამისად, განსაზღვროს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსახლეობის საჭიროების მოგვარება და ამ მიზნით დაგეგმილი პროექტების დასრულება“, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.