ადიგენში შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიის სახით 14 000 ლარი გასცეს

771

წინა სტატია

ადიგენის თვითმმართველობამ, 2015–2016 წლებში, ხელშეკრულებით კანონით დაშვებულზე მეტი თანამშრომელი აიყვანა და მათ ორ წელიწადში 14 000 ლარი პრემია გადაუხადა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

2015–2016 წლებში, ადიგენის თვითმმართელობაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობა 77-88 ერთეულს შეადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველობას შეეძლო, ხელშეკრულებით აეყვანა გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობის 10%, მაგრამ მეტი ადამიანი დაასაქმა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შეეძლო, ერთდროულად დაექირავებინა 2015 წელს არა უმეტეს 8, ხოლო 2016 წელს 9 შტატგარეშე მოსამსახურე, თუმცა, მუნიციპალიტეტში დაქირავებულ შტატგარეშეთა რაოდენობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს (8 ერთეულს), 2015 წლის შვიდ თვეში 1-2 ერთეულით აღემატებოდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2015-2016 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე 122 ათასი ლარის ანაზღაურება გაიცა. გარდა შრომითი ანაზღაურებისა, მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით გასცა 14 ათასი ლარი, აქედან 2015 წელს ხუთი ათასი და 2016 წელს 9 ათასი ლარი.

“შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავს დაქირავებულის უფლებას ან/და დამქირავებლის ვალდებულებას საპრემიო ანაზღაურების შესახებ. ამდენად, აუდიტის ჯგუფი შეუსაბამოდ მიიჩნევს შტატგარეშე მოსამსახურეებზე 14 ათასი ლარის პრემიის გაცემას, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა ამის ვალდებულება”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა და შტატგარეშედ დაასაქმა საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი, გამგებლის მდივანი, გამგეობის ქსელის ადმინისტრატორი, წერილებთან მუშაობისა და ბრძანებების მომზადების საკითხებში სპეციალისტი, ელექტრიკოსი და სხვა.

ადიგენის გამგებელი 2015-2016 წლებში “ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ენდელაძე იყო. ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის მერად კვლავ აირჩიეს.