ზუგდიდის საკრებულო დეპუტატის ხარჯის ანაზღაურების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს

549

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით,საკანონმდებლო დონეზე უნდა მიიღონ დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს იმ წევრების სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები. ამის შესახებ წოწერიამ ანაკლიაში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დაგეგმილ გასვლით შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, იმის გამო, რომ ეს კანონის დონეზე არ არის დარეგულირებული, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ამ ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები.

“იქნებ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ის პირველადი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ხარჯების განხორციელებას და მოგვცემს საშუალებას ამ ხარჯების ანაზღაურების, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის მიერ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული დოკუმენტები, ის მაინც ვერ განსაზღვრავს და ვერ ახდენს იმ ხარჯების იდენტიფიცირებას, რომელსაც ვანაზღაურებთ. თუ ამ კუთხით საკანონმდებლო მხარდაჭერა იქნება, კარგია“, – თქვა მამუკა წოწერიამ.

ამასთან დაკავშირებით, ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითის გათვალისწინება და ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს:

“არსებობს თბილისის მუნიციპალიტეტის პრეცენდენტი, სადაც დაანგარიშებულია ის ხარჯი, რომელსაც გასწევს საკრებულოს წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე. მაგრამ ბუნებრივია, როცა საუბარია ხარჯებზე, აუცილებელია ძალიან ბევრი არგუმენტი, თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან ადამიანი იღებს გარკვეულ სტატუსს, ხდება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, მინიმუმ უნდა უნაზღაურდებოდეს საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში დახარჯული თანხა და ეს ლოგიკურიც არის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და წინადადებებს საკომიტეტო დონეზე განიხილავენ.