ზუგდიდში გარევაჭრობაზე შესაძლოა მოსაკრებელი დაწესდეს

559

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ გარევაჭრობის ნებართვაზე მოსაკრებელი დაწესდეს და შესაბამისი ცვლილება „ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ კანონში“ შევიდეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ეს წინანდება ზუგდიდი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ანაკლიაში წარადგინა.

წოწერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია გარევაჭრობა, დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული მუხლის მოქმედება ფაქტიურად შეჩერებულია, რადგან სანებართვო სისტემა არ არის დადგენილი.

„ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, „ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ კანონში“ გაჩნდეს მოსაკრებლის ცნება გარევაჭრობის ნებართვის, და განისაზღვროს მოსაკრებლის რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უკვე რეალურად გამოვიყენოთ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სანქციები და ეს შეჩერებული მუხლი რეალურად განვახორციელოთ“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე დასმული საკითხები განხილული იქნება კომიტეტის ფორმატში. მისი სიტყვებით, როგორც ჩანს, ეს საკითხი არ აწუხებს მარტო ზუგდიდს, ამიტომაც მოხდება წინადადების დეტალური დამუშავება.