ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში იანვარში თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ

1241

ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში იანვარში თანამშრომლებს ანაზღაურება არ მიუღიათ. მათ მხოლოდ თებერვლის თვის ხელფასი დაერიცხათ. ამის შესახებ “ლაივპრესი” წერს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის თქმით, ხელშეკრულებები ამ პერიოდში არცერთ მათგანთან გაფორმებული არ ყოფილა, თუმცა იანვარში ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ.

წითლიძე ამბობს, რომ თანამშრომლებისგან განსხვავებით ხელფასი აიღო ბიბლიოთეკის დირექტორმა და ადმინისტრაციამ, რაც დანარჩენ თანამშრომლებს დაუმალეს. წითლიძის ცნობით, თებერვალში თანამშრომლებმა თანამდებობრივი სარგო არასრულად მიიღეს. საკრებულოს წევრი ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღის წინ მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც დირექტორი და თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

„როცა თანამშრომლებმა ითხოვეს განმარტება, რატომ არ მისცეს იანვრის ხელფასი, გააფრთხილეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხმა არ ამოეღოთ. მაშინ რატომ ამუშავეს დილიდან საღამომდე? იქიდან დაეწყოთ მუშაობა, საიდანაც ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ“, – ამბობს ანა წითლიძე.

ბიბლიოთეკაში ციფრული ტქნოლოგიებით და ელექტრონული რესურსებით მომსახურების უფროსმა ირმა კვირკვიამ დირექტორსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირება უარყო.

„იანვარში მე არ ვმუშაობდი, დამირეკეს 31 იანვარს და გამოვედი 1 თებერვალს. მოვამზადე საბუთები და ხელშეკრულება გაფორმდა 5 თებერვლიდან და შესაბამისად მივიღე ანაზღაურებაც“, – აღნიშნა მან.

ენმ-ის წარმომადგენლის ბრალდებებს არ ეთანხმება ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა მაქაცარიაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანმა იცოდა, ოფიციალურად არ მუშაობდნენ, ვიდრე ხელშეკრულებები არ გაფორმდებოდა, უმრავლესობა მაინც დადიოდა საკუთარი სურვილით ისე, რომ არავითარი პრეტენზია არ ქონდათ ამის გამო.

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის თქმით, თავად ოთხი იანვრიდან დაინიშნა აღნიშნულ პოზიციაზე, შემდეგ კი სამსახური იურიდიულად დარეგისტრირდა. ეს პროცედურა 14 იანვრამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ, მადონა მაქაცარიას განმარტებით, საშტატო ერთეულების გაწერაზე მუშაობდა იურისტთან და ბუღალტერიასთან ერთად ისე, რომ მოადგილეებიც არ გამოუძახებია. თანამშრომლები უკვე 31 იანვარს იხმეს და უთხრეს, სამსახურში 1 თებერვალს გამოცხადებულიყვნენ, ენახათ თუ სად გაანაწილეს, პირადი განცხადები დაწერათ და მუშაობას ოფიციალურად შესდგომოდნენ. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის თქმით, მათ ხელფასი ამ თვეში უკვე აიღეს, მხოლოდ ორი დღის დანაკლისით.