სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც 2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 77.8 ათასი ლარის საწვავი გახარჯა, თავისი შინაარსით, არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში წერს.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში, თვითმმართველობამ დადგენილი ლიმიტები 94 შემთხვევაში დაარღვია და განსაზღვრულთან შედარებით, 8 560 ლიტრით მეტი საწვავი გახარჯა.
“2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაიხარჯა 77.8 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. მუნიციპალიტეტში საწვავის ხარჯვა რეგულირდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანების საფუძველზე. სამართლებრივი აქტების თანახმად, საწვავის ხარჯვის ლიმიტები განესაზღვრა საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს წლის განმავლობაში, ყოველთვიურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული ბრძანება ადგენს საწვავის გაცემის მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების წესს და თავისი შინაარსით წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მუნიციპალიტეტმა საწვავის გაცემის წესის დარეგულირებისას არ გაითვალისწინა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ უზრუნველყო მისი მიღება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით. ამდენად, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც 2015-2016 წლებში გაიხარჯა 77.8 ათასი ლარის საწვავი, თავისი შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დადგენილი ლიმიტები დარღვეულია 94 შემთხვევაში. კერძოდ, განსაზღვრულთან შედარებით, გახარჯულია 8 560 ლიტრით მეტი საწვავი. ამდენად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების დაცვა. შედეგად 8 560 ლიტრი საწვავი გახარჯულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საავტომობილო საწვავის გამოყოფის სამართლებრივი საფუძვლები შეუსაბამოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. აგრეთვე, დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რათა არ მოხდეს საწვავის გაცემა დამტკიცებულ ლიმიტს ზევით.