ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა სამინისტროების წარმომადგენლებისა და სხვა სტუმრების გამასპინძლებაზე 56 ათასი ლარი არამიზნობრივად გახარჯა

833

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა სამინისტროების წარმომადგენლებისა და სხვა სტუმრების გამასპინძლებაზე 56 ათასი ლარი არამიზნობრივად გახარჯა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების ანგარიშში წერია.

უწყების ცნობით, 2015- 2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, “წარმომადგენლობითი ხარჯების” მუხლიდან, სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 56.0 ათასი ლარი გახარჯა. კერძოდ, 2015 წელს გაფორმდა 24 ხელშეკრულება, ღირებულებით 30.5 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს – 32 ხელშეკრულება, ღირებულებით 25.5 ათასი ლარი. თანხების გამოყოფა კი საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე ხდებოდა.

“კვების ობიექტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯებიდან, ხშირ შემთხვევაში, არ არის აღნიშნული ჩასატარებელი ღონისძიების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა და სხვა მონაცემები. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან თანხის გამოყოფის შესახებ ბრძანებებში, 15 შემთხვევაში (სულ 12.4 ათასი ლარი) ხარჯის გაწევის მიზეზად მითითებულია “მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად”, ხოლო 25 შემთხვევაში თანხები გამოყოფილია სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების კვებით მასპინძლობისათვის, კონკრეტული პირებისა და მათი რაოდენობის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმართა და მასპინძელთა ოდენობა და სხვა მონაცემები. შესაბამისად, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული 56.0 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც ხდება “წარმომადგენლობითი ხარჯების” მუხლიდან თანხების გახარჯვა.

უწყება მოუწოდებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. “აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, რომლის მიხედვით მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.