ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ თანამდებობის პირთა და აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 49 ადამიანია. მათ შორის 19 თანამდებობის პირია, დანარჩენი კი აპარატის თანამშრომელი. 2017 წელს თემის და ქალაქის საკრებულოში ჯამში 74 მუშაობდა. აქედან 24 თანამდებობის პირი. ამის შესახებ “ლაივპრესი” წერს.
გამოცემის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მოქმედ საკრებულოში თანამდებობის პირების და აპარატის თანამშრომლების ხელფასებზე ყოველთვიურად 71 650 ლარი იხარჯება. ამ თანხიდან 34 950 ლარი თანამდებობის პირთა სახელფასო ანაზღაურებაა.
თემის და ქალაქის საკრებულოებში ერთად, დასაქმებულთა ანაზღაურება ჯამში 106,050 ლარს შეადგენდა. მათ შორის თანამდებობის პირთა ანაზღაურებაზე 50,300 ლარი იხარჯებოდა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს, ის თემის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურების ტოლია და 2 650 ლარს შეადგენს. ქალაქის საკრებულოში იგივე პოზიციაზე ხელფასი 100 ლარით მეტი, 2 750 ლარი იყო.
თუ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეებს თითო მოადგილე ჰყავდათ, დღეს მათი რაოდენობა უკვე ორია. ისინი ხელფასს 2 400 ლარის ოდენობით იღებენ. ამდენიმე ჰქონდა თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თუმცა ქალაქისას 100 ლარით მეტი.
ახალ საკრებულოში ხუთი კომისია და ამდენივე ფრაქცია მოქმედებს. გაერთიანებამდე ქალაქის საკრებულოში ხუთი კომისია და ოთხი ფრაქცია მუშაობდა, თემში კი ოთხი კომისია და შვიდი ფრაქცია. მათი ანაზღაურება 2 000 ლარით იყო განსაზღვრული და ეს თანხა უცვლელი დარჩა.
თუმცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი თანამდებობა – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის. სულ ხუთი სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეს ექვსი მოადგილე ჰყავს, მათ შორის ორი – ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. მათი ხელფასი 1250 ლარია.