სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში მუზეუმი “არავის ჩვენი მიწა” მარტის ბოლოს გაიხსნება. მუზეუმში რუსული ოკუპაციის ამსახველი მასალები გამოიფინება. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
ახალი მუზეუმი ადგილობრივ სასოფლო ბიბლიოთეკაში განთავსდება. “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორმა მადონა მაქაცარიამ თქვა, რომ პრეზიდენტის ფონდმა სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად თანხა, 3 500 ლარის ოდენობით ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გამოყო.
„შეგვიძინა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალები. გარემონტდა ორი ოთახი. ერთი ბიბლიოთეკის, მეორე კი მუზეუმის. ეს ოთახები ერთმანეთის გვერდი გვერდ არის. მარტის ბოლოსთვის იქნება ოფიციალური გახსნა. ასეა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაანონსებული“, – თქვა მადონა მაქაცარიამ.
მისივე ცნობით, მუზეუმს ცალკე ხელმძღვანელი პირი არ ეყოლება. მასალები, რომელთა უმრავლესობაც სურათებია, ასახავს სოფელში 90-იან წლებსა და 2008 წელს მომხდარ ამბებს. ამ ფოტოების ნაწილი მუზეუმს მოსახლეობამ მიაწოდა, დანარჩენი კი ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს.