სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.
“არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.
მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა არჩილ მამულაძემ “ბათუმელებთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ამბობს, ქართული ტრადიციები საერთოდ უნიკალურია.
“გასაკვირია, ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი ტრადიცია რომ არის თავმოყრილი… ქართული ტრადიციაა, მაგალითად, რომ პირველი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნის. კი ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება, სიბრიყვე თქვას, ამიტომ ქალსაც უნდა მოვუსმინოთ. ის სიტყვა უნდა ჭრიდეს, რომელიც ოჯახისთვის იქნება გამოსადეგი. საერთოდ, ოჯახის უფროსი კაცი უნდა იყოს. შესაძლოა, ორივემ გამოთქვას აზრი. არ არსებობს ორგანიზაცია, სადაც ერთ ადამიანს პირველი სიტყვა არ მიეცეს. ეს ტრადიცია არის ოჯახში და სხვაგანაც. შეიძლება ქალი იყოს მოთავე და მამაკაცი შემსრულებელი, ასეც შეიძლება. მაგრამ უმჯობესია პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას”, -ამბობს არჩილ მამულაძე ინტერვიუში.