ბორჯომის მერმა მოადგილე დანიშნა

720

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილედ ბუბა ბერიძე დანიშნა. ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბორჯომში „ქართული ოცნების“ შტაბში ქალაქის ზონას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალი მოადგილე მუშაობას 13 თებერვალს შეუდგა. ბერიძემ ბორჯომის მეოთხე საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პოლიტოლოგიის მიმართულებაზე გაგრძელა. შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალობაზე ჩაირიცხა და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საბურთალოს გამგეობაში სამი წელი იმუშავა.

მერის მოადგილე ბორჯომის თვითმმართველობაში ხელფასების გაცემის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას კრიზისულს უწოდებს: „დარწმუნებული ვარ საერთო ენა გამოინახება, თორემ ასე ბორჯომი ვერ განვითარდება. რეალურად, მერია გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას არ ითხოვს, უბრალოდ რასაც აქამდე დანამატებით ყოველთვიურად იღებდნენ თანამშრომლები, ეგ თანხები გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი. ეგრე მოხდა მთელ საქართველოში და ეს არ არის ხელფასების ზრდა”.

შეკითხვაზე, ხელფასების და სხვა საკითხების განსახილველად უდნა შევიდეს თუ არა „ოცნება“ საკრებულოში, ბერიძე გვპასუხობს: „ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არ უნდა შევიდეს, რადგან ეს აღქმული იქნება ისე, რომ თითქოს ხელფასების საკითხის განსახილველად შევიდნენ. ზოგადად, ბუნებრივია, „ოცნების“ დეპუტატები უნდა ჩაერთონ მუშაობაში და ყველა საკითხი ერთიანი მუშაობით უნდა გადაწყდეს“.