ზუგდიდის ბულვარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში შვიდი ხე მოიჭრა და კიდევ 10 ხის მოჭრაა დაგეგმილი. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაგდალინა თოდუა განმარტავს, რომ მხოლოდ დაავადებული და საფრთხის შემცველი ხეები მოიჭრება. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიების გატარება დაგეგმილი იყო თავიდანვე და ეს აღინიშნა ბულვარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაშიც.
მაგდალინა თოდუას ინფორმაციით, ხეები მოიჭრა სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც მერიაში არსებობს და რომლის შემადგენლობაში შესაბამისი სპეციალისტებიც შედიან.
„მოიჭრება გადაბერებულ და უსახური ხეები, ასევე ადამიანთა და კომუნიკაციების უსაფრთხოების მიზნით დაზიანებული ხეები. ასევე დაგეგმილია ცოცხალ ხეებზე არსებული ხმელი ტოტების მოჭრა. პროექტით გათვალისწინებულია მოჭრილი ხეების ნაცვლად მისივე ჯიშის ახალი ხეების დარგვა. სულ უნდა მოიჭრას 17 ძირი ხე. შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც დენდროლოგები შედიან“, – განაცხადა მაგდალინა თოდუამ.
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ატარებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ჯამური ღირებულება 789 970,49 ლარია.