გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი მანანა გვარამია დაინიშნა. მანანა გვარამია საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Livepress-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანანა გვარამიამ იანვრის დასაწყისში, მერის მოადგილის მაიზერ ნანავასთან გამართულ თათბირზე შეიტყო გაერთიანებული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მაშინ გვარამიამ თქვა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოწურული ჰქონდა და გაუგრძელებდნენ თუ არა არ იცოდა.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია ამბობს, რომ გვარამია ამ პოზიციაზე მისი გამოცდილების გამო დაინიშნა.
„უფლება-მოვალეობად ითვლება დაკომპლექტება, დამუშავება, მეთოდური სამსახურები, დარბაზი, ამერიკული კუთხე, ყველა განყოფილება მის დაქვემდებარებაში იქნება“, – თქვა დირექტორმა მადონა მაქაცარიამ.
სულ რამდენი ადამიანია ა(ა)იპ-ში დასაქმებული, მადონა მაქაცარიამ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დანიშვნები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ზუსტ ციფრს ვერ დაასახელებს, თუმცა დაახლოებით 90 ადამიანზეა საუბარი.
ჯამში, ცენტრი 28 ფილიალს აერთიანებს. მათ შორი 25 სასოფლო, სამი კი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედებს. ამ სამიდან ორი – კომბინატსა და ფაიფურში პირველ თებერვალს გაიხსნა.