შვიდი თვითმმართველი ქალაქის ბრძოლა სტატუსისთვის გასულ წელს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა. ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი შესაბამისი თემების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა და თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა. შესაბამისად, მათ დამოუკიდებელი ბიუჯეტის წარმოებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება ჩამოერთვათ.
არასამთავრობო სექტორმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნებას ითხოვდა, იმ მოტივით, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიიღო, 2017 წლის 30 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II-ის ბათილად ცნობა მოითხოვა.
რადგან ცვლილება არჩევნების წელს განხორციელდა, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს საქმის დაჩქარებულად შესწავლას და მიღებული აქტის შეჩერებას სთხოვდა. თუმცა, საქმე არათუ დაჩქარებულად, მეშვიდე თვეა, საერთოდ არ განხილულა. მიზეზი იმ მოსამართლის გადატვირთულობაა, რომელსაც საქმე დაეწერა.
„ამ საქმეზე პროცესის თარიღი არ არის ჩანიშნული, მიზეზი არის დატვირთულობა. დაახლოებით 300-ზე მეტი საქმე აქვს მოსამართლე გენადი მაკარიძეს წარმოებაში. რიგითობას ვერ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, როდის ჩაინიშნება პროცესი ამ საქმეზე, ჯერ ვერ გეტყვით“, – განუცხადა droa.ge-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ავთანდილ კვინიკაძემ.
ამასობაში, არჩევნები უკვე ჩატარდა. თვითმმართველობები ახალი წესით აირჩიეს, რამაც სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.
„სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა და დღემდე ველოდებით. თუმცა, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ცოტა რთულია ამაზე საუბარი. საინტერესოა, რა განმარტებას გააკეთებს სასამართლო იმ დარღვევებზე, რომლებზეც ჩვენ ვაპელირებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ დარღვეული იყო „თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვა სავალდებულოა. როცა მუნიციპალიტეტების შერწყმა-გაერთიანება-გაყოფის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, კოდექსის თანახმად, ამ მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული. ამის ნაცვლად როგორ წარიმართა პროცესი? ეს ცვლილებები დახურულ კარს მიღმა დაგეგმეს და ასევე ერთპიროვნულად მიიღეს. გარდა ამისა, სამთავრობო კომისის არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმებულიყო ეს მუნიციპალიტეტები, დასაბუთებული არ იყო. მართალია, ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ მოქალაქეთა ჩართულობა და სერვისების მიწოდება არ გაუმჯობესებულა ამ მუნიციპალიტეტებში, არ გაზრდილა საკუთარი შემოსავლები, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ამ არგუმენტის გასამყარებლად კონკრეტული კვლევა არ იყო წარმოდგენილი. მაგალითად, რა მოლოდინი იყო რეფორმის დასაწყისში და რას ვერ მიაღწიეს, ან შეფასების ინდიკატორი რა იყო ჩართულობის, ანდა სერვისების მიწოდების კუთხით. ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი.
იმისათვის, რომ ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსი არ გაეუქმებინა, ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
რა ზიანის მოუტანა თვითმმართველ ქალაქებს სათემო მუნიციპალიტეტეებთან გაერთიანებამ, ამ თემაზე მორიგი კვლევები „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნეს. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში უმსხვილესი თვითმმართველი ერთეულებია, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ქალაქების კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში დაბრუნებით კი ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებს უფრო მეტად დაშორდება. რაც მთავარია, გაერთიანების შემდეგ ქალაქს და თემს ერთი ბიუჯეტი ექნებათ, რაც განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე დასახლებების – სოფლებისა და ქალაქების ინტერესების ადეკვატურად გათვალისწინების ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა.
არასამთავრობო სექტორმა საჭირო ცვლილებების შესახებ სახელმწიფოს რეკომენდაციებიც მისცა – სახელმწიფოს უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და დეცენტრალიზაციისაკენ; უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც შექმნის ადამიანის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეს და მოსახლეობის ერთ ადგილას კონცენტრაციას შეუშლის ხელს; ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ხორციელდება, თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებითა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს; ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და ა.შ.
არავინ იცის, გაითვალისწინებს თუ არა ამჯერად მაინც ხელისუფლება მესამე სექტორის რეკომენდაციებს. დამკვიდრებული პრაქტიკით ცხადი ხდება, რომ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სფეროს ექსპერტების მოსაზრებების გაზიარება მაინცდამაინც არ ხიბლავს და დიდად არც მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებაზე ზრუნავს. თუმცა, მანამდე, სანამ ხელისუფლება დეცენტრალიზაციაზე ფიქრს გრძელვადიანად დაიწყებს, იმაზე პასუხი, რამდენად კანონიერად გააუქმა მთავრობამ 7 თვითმმართველი ქალაქი, სასამართლომ უნდა გასცეს, თუ, ცხადია, მოსამართლე გენადი მაკარიძე ქალაქების საკითხს 301-ე საქმედ მაინც განიხილავს.