2017 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის – „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ – პრეზენტაცია გამართეს.
კვლევებში წარმოდგენილი იყო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები.
უმთავრესი პრობლემა, რომელიც ორივე ორგანიზაციის კვლევით გამოიკვეთა, საკრებულოების მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და გადაწყვეტილების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიღებაა.
როგორც ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისს 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც, საკრებულოებმა დაჩქარებული წესით, რამდენიმედღიანი შუალედით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამის პარალელურად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ აუცილებელი მოთხოვნაა. ამის მიუხედავად, მთავრობის ინიცირების საფუძველზე, პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს დადგენილებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა.
კვლევების თანახმად, ასევე, დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას. მაგალითად, მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, სინამდვილეს არ შეესაბამება – თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის ბიუჯეტების ანალიზი საპირისპიროს ამტკიცებს. რაც შეეხება სხვა არგუმენტაციას ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგების, ხარჯვის ეფექტიანობის გაუარესებისა და სხვა საკითხების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მთავრობას სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ორგანიზაციები თვლიან, რომ აღნიშნულმა პროცესმა:
- კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხი, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებული იყო პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება. ამ ვითარებაში კი, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოს მოუწიათ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის რისკები და არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო შექმნეს.
- წარმოქმნა მმართველობითი ხასიათის პრობლემები. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, იმ პერიოდისთვის არსებულმა 14-მა თვითმმართველმა ერთეულმა (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა) არსებობა შეწყვიტა და სწორედ აგვისტოს ბოლოდან შეიქმნა 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე, გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები – საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებობდნენ.
- წარმოქმნა საბიუჯეტო პრობლემები, ვინაიდან აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ არსებობდა 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მუნიციპალიტეტები – აღარ არსებობდნენ.
ორგანიზაციები თვლიან, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, შეაფერხებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებას, შექმნის უთანასწორო პირობებს ქალაქისთვის; შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას.
კვლევის დროს გამოკვეთილი პრობლემების საფუძველზე, ორგანიზაციებმა წარმოადგინეს შემდეგი რეკომენდაციები:
- ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის სფეროში ხორციელდება, თვითმმართველობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებითა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს; ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, რათა ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერების დონე;
- სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა/სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და დეცენტრალიზაციისაკენ;
- უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბების მხარ დაჭერა, რაც შექმნის ადამიანის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეს და მოსახლეობის ერთ ადგილას კონცენტრაციას შეუშლის ხელს;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელდეს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც:
- გადაიხედება ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცედურები;
- განისაზღვრება პერიოდი, რა დროსაც აკრძალული იქნება ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელება;
- განისაზღვრება საჯარო განხილვის ტერმინის ლეგალური დეფინიცია;
- ტერიტორიული ოპტიმიზაციის დროს კონსულტაციების გამართვა სავალდებულო იქნება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 1%-თან მაინც.
ვინაიდან პროცესი „თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით წარიმართა, დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 30 ივნისს სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულა.
გარდა ამისა, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლებელია, მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი სარჩელით მას საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა მიმართონ. ამიტომაც, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.