ხარჩილავა: მინისტრები ჩამოდიან მუნიციპალიტეტში და ისე მიდიან, თითქოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არ არსებობს

368

წინა სტატია

“მინისტრები ჩამოდიან მუნიციპალიტეტში და ისე მიდიან, თითქოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არ არსებობს”, – ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად თანამშრომლობის მზაობისა, ცენტრალური ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში იგნორირებას უწევდა მუნიციპალიტეტს და არ თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

“წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მუდმივად თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ის მონაწილეობდა ყველა შეხვედრაში, რაც უკავშირდებოდა ფონდებთან თანამშრომლობას, ნარჩენების გადამუშავებას, სოციალურ ამბებს, კულტურულ პროექტებს და ამასთან, იწვევდა რეგულარულად, მუდმივად, ჯიუტად და დაუღალავად ყველა ადგილობრივ ღონისძიებაზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთელი ამ წლის განმავლობაში გვქონდა სრული იგნორირება, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის [არჩევნების] შედეგები დღესაც მოუღებელია მათთვის”, – განაცხადა ხარჩილავამ.

ხარჩილავა მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, მომავალში მაინც შეძლონ ხარისხიანი ურთიერთობა თვითმმართველობის საკითხებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის საპასუხოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა, რომ ხარჩილავას ბრალდებები ტყუილია და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თავად მერი არ თანამშრომლობს.

“ტყუილია მისი განცხადებები, რომ არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, წინა სტიქიის დროს წალენჯიხა იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელსაც დაუყონებლივ ჩაერიცხა თანხა. მოსახლეობას შევახსნებთ, რომ წალენჯიხის მერიამ მათი დაუდევრობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელება საფრთხის ქვეშ დააყენა და რომ არა ცენტრალური ხელისუფლება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, წალენჯიხელები ვერ ისარგებლებდნენ იმ სიკეთეებით, რასაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს”, – განაცხადა გუგუჩიამ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე, მერების პირველ შეხვედრაზე პრემიერმა სხვა ქალაქების მერებთან ერთად წალენჯიხის მერიც მიიწვია, თუმცა, გია ხარჩილავამ “ფეისბუქით” განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ოქტომბერს, ხარჩილავას სახლის წინ მისი პირადი ავტომობილი დაიწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/videos/1182071189325641